საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ეროვნული კონკურსის "ალიანტე 2012"-ის ფინალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილმა გადასცა.
საფინალო შეჯიბრებებში, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა, სულ 25 გუნდი მონაწილეობდა.თითოეულ გუნდში 2 ახალგაზრდა იყო წარმოდგენილი. ფინალში გასული კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ ასპარეზობაში შეეჯიბრნენ. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით მოეწყო შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. ახალგაზრდები ერთმანეთს საცეცხლე მომზადებაშიც შეეჯიბრნენ.
ეროვნული კონკურსი "ალიანტე 2012" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"-ს მიერ 2008 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.
"ალიანტე 2012“-ში მონაწილეობის მისაღებად სულ 2700 გუნდი დარეგისტრირდა. ფინალში გასული 25 გუნდიდან კი 6 გამარჯვებული ახალგაზრდა გამოვლინდა, რომლებიც ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაციის "ევროატლანტიკური ასოციაციის" თანამშრომლობის ფარგლებში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთს ეწვევიან.

















