გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი საბუნებისმეტყველო მიმართულების ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაცია დღეს, გრიგოლეთში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო კვლევების ცენტრის შენობაში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც GIZ -ის მხარდაჭერით ხორციელდება, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მეტყევეობის, ასევე ბიზნესის მიმართულებით სამაგისტრო სწავლების განვითარებას გულისხმობს.
ილიას უნივერსიტეტის ცნობით, ახალი ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სამაგისტრო კურსები გიოტინგენის უნივერსიტეტთან (Georg-August University Goettingen) თანამშრომლობით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ) დახმარებით მომზადდა.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ღიაა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ბაკალავრიატის (BSc), ასევე მენეჯმენტის, სოციალურ და ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამების კურსდამთავრებულთათვის. სწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.

















