სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტებზე შემაჯამებელი ღონისძიება დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების სფეროში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მშობელთა ცენტრები შეიქმნა.
გამოიცა მშობლისა და აღმზრდელის წიგნი „თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის“, რომელიც საქართველოს ყველა სახელმწიფო ბაღს უსასყიდლოდ გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში კვალიფიკაცია 562 აღმზრდელმა აიმაღლა. მათ ტრენინგი გადამზადებულმა 6 უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაუტარეს.
საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესოებების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრი შეიქმნა, სადაც პილოტირება ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილმა სპეციალურმა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა.
პროგრამა სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პილოტირებაში მონაწილეობა 147-მა ბავშვმა მიიღო.
პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.

















