დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მიღების პროცედურებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს გააცნობს.
როგორც "ნიუსპრესს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, იგი რეესტრს ხვალ ეწვევა.
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონი ძალაში 2012 წლის 1 მარტს შევიდა.
კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, საშუალება ექნებათ წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ზოგად და უმაღლეს განათლებას კი, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებენ.

















