კომპანია "ჯეოსელის" მიერ დამონტაჟებული საკომუნიკაციო ანძები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ მოქმედებს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ჯეოსელის" პრესსამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა.
"დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, რომ "ჯეოსელის" მიერ დამონტაჟებულ საკომუნიკაციო ანძებს ან სადგურებს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოეწვიოს. "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" მიერ გავრცელებული მოსაზრებები მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის სუბიექტურ მოსაზრებას წარმოადგენს და მას არანაირი დასაბუთებული საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ირმა ცქიტიშვილის განმარტებით, საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოღვაწე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ერთი და იმავე ტექნოლოგიებს იყენებენ და ხშირ შემთხვევაში მათი ანძები ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული.
მისივე თქმით, "ჯეოსელი" კანონის დაცვით საქმიანობს.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ "ჯეოსელისგან" კერძო დასახლებებში დამონტაჟებული ანძების დემონტაჟი მოითხოვა.
მისი ინფორმაციით, "ჯეოსელი" კერძო დასახლებებში საბაზო სადგურებს უნებართვოდ ამონტაჯებს, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნიან.

















