კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რესტავრაცია მოითხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, დღევანდელი აქცია ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 105 წლისთავს ეძღვნება.
მისი თქმით, ხელისუფლება, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ძეგლების შექმნის ამბიცია აქვს, წიწამურის ხეობას ანგრევს და ფეხქვეშ თელავს.
„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა წიწამურში. ამ დროს ხელისუფლება ბათუმში კვერცხების, თელავში კი - ლოკოკინას ძეგლს დგამს. ეს მიხეილ სააკაშვილის რეალური სახეა“-განაცხადა ზურაბიანმა.
მისივე თქმით, ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მოუწყობელი და დაბინძურებულია.
აქციის მონაწილეები დღესვე კულტურის სამინისტროს ელექტრონული ფორმით წერილს გაუგზავნიან, რომელშიც მოითხოვენ პასუხს კითხვაზე, აპირებს თუ არა სამინისტრო რესტავრაცია ჩაუტაროს ილიას ძეგლსა და მის მიმდებარე ტერიტორიას და თუ აპირებს, როდის მოხდება ეს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები წიწამურში გაემგზავრნენ, სადაც დასუფთავების აქციას მოაწყობენ.

















