ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრილები აღარ შეუყვანიათ.
როგორც „ნიუსპრესს“ ღუდუშაურის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა გელანტიამ განუცხადა, გუშინ შეყვანილი დაჭრილის გარდა, კლინიკაში ახალი არავინ მოუთავსებიათ.
მისი თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
„დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს აბსოლუტურად შეესაბამება. გადის მკურნალობის კურსს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. უტარდება შესაბამისი მონიტორინგი“ - განაცხადა მარინა გელანტიამ.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა ამ დრომდე გრძელდება.
სპეცოპერაციის დროს ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
დაჭრილი 5 ჯარისკაცი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

















