„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის
განცხადებით,მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი.
ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ დავას ანაკლიის პორტის პროექტის საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს.
„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ახვლედიანმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

















