განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატისთვის თბილისის ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციაზე ისაუბრა.
პაატა გურასპაული: „მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა, ამ დროიდან მოყოლებული განიხილებოდა 2 ვარიანტი ევრობასკეტის მატჩების ჩასატარებლად. ერთი - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა და მეორე - არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლება, საქართველოს მთავრობასა და FIBA-სთან დავიწყეთ განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი იქნებოდა ერთი მხრივ ქვეყნისთვის მომგებიანი, ხოლო მეორე მხრივ ევროპის საკალათბურთო სამყაროსთვის მისაღები.
პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებს თბილისის ოლიმპიური სასახლე, რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და დარბაზის ტევადობა გაიზრდება 10 500-მდე. შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, ხოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლე.
პროექტი შეთანხმებულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. რეკონსტრუქციის შემდეგ, სასახლე დააკმაყოფილებს FIBA-ს ყველა სტანდარტს და სრულ მზადყოფნაში იქნება ევროპირველობის სამასპინძლოდ.
კალათბურთს ფედერაციას სახელმწიფოსგან აქვს სრული მხარდაჭერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს 2021 წლის ევრობასკეტს.“

















