ნინო წილოსანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან საჯარო და კერძო სკოლებში უსაფრთხოების და ფსიქო-სოციალური კონტროლის საკითხებით დაინტერესდა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საჯარო და კერძო სკოლებში უსაფრთხოების და ფსიქო-სოციალური კონტროლის საკითხებით დაინტერესდა.
"თქვენ გამოსვლაში მანდატურების, ბავშვების უსაფრთხოების და მათი ფსიქო-სოციალური კონტროლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეთ, თუმცა ვიცით, რომ ის ცვლილებები, რაც ჩვენ, პარლამენტმა და აღმასრულებელმაც მივიღეთ არ ეხება კერძო სკოლებს. ტრაგედია, რომელიც დატრიალდა მოხდა კერძო სკოლაში და მაინტერესებს ახლა რა სტანდარტები აქვს განათლების სისტემას კერძო სკოლების მიმართ უსაფრთხოების და ბავშვების ფსიქო-სოციალური კონტროლის მიმართ და რამდენად აპირებთ, რომ გავრცელდეს ეს ორი კომპონენტი როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებზე? ასევე მანდატურებთან დაკავშირებით უფრო მეტი სტატისტიკა მაინტერესებს. რამდენადაც ვიცი თითქმის ყველა სკოლას ფარავს მანდატურის სამსახური, თუმცა არის თუ არა ამ სკოლებში ფსიქო-სოციალური კონტროლი და ბავშვებთან ამ კუთხით მუშაობის პრაქტიკა და თავად მანდატურები არიან თუ არა დატრენინგებულნი?", - იკითხა ნინო წილოსანმა.

















