თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით 18 და 19 დეკემბერს, სასტუმრო "რუმსში" ახალგაზრდა დიზაინერების და დიზაინის ფაკულტეტის
სტუდენტების პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენა 18 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება.
პროექტის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს - ტრადიციული რეწვისა და დიზაინის ურთიერთკავშირის გამყარება, ტრადიციული დარგების ეკონომიკური პოტენციალის და თანამედროვეობასთან კავშირების გაძლიერება. პროექტი ემსახურება ახალგაზრდა დამწყები დიზაინერების და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ტრენინგებს, ვორქშოფებს, სამუშაო შეხვედრებს და გაცნობით ვიზიტებს სფეროს წარმატებულ საწარმოებში. ასევე, კონკურსს - "თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში". გამარჯვებულებმა მიიღეს მენტორინგი და ფინანსური დახმარება ტრადიციული რეწვის ოსტატებთან თანამშრომლობაში საავტორო კოლექციის შექმნისთვის. პროექტში მოწვეული დიზაინერები და პროექტის მენტორები არიან გუგა კოტეტიშვილი, ნატო ერისთავი და ნინო მგალობლიშვილი.
გარდა თბილისის მერიისა, პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის საკრებულო და აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხოლო ასოცირებული პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

















