სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველ ადამიანს არჩვეულებრივ ადამიანს უწოდებს.
როგორც პატრიარქმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, ქართველი ადამიანი ღვთისგან მრავალი სათნოებით და სიკეთითაა დაჯილდოებული. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა.
„ვართ თუ არა ამის ღირსი, რა თქმა უნდა, ამის ღირსი არ ვართ, მაგრამ ღვთისმშობელმა თავისი ნებით აირჩია, რომ საქართველო მისი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო“- ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ღვთისმშობელს თავისი მფარველობით საქართველო გადაურჩენია.
პატრიარქის შეფასებით, ისტორიის განმავლობაში მრავალი ქვეყანა ყოფილა, თუმცა, განსაცდელის გამო დღეს ისინი აღარ არსებობენ.
„როცა ადამიანს ღვთისგან მადლი ეძლევა, ეს უნდა დააფასოს. ადამიანი მარტო კი არ უნდა სთხოვდეს ღვთისმშობელს, არამედ უნდა მადლობდეს იმ წყალობისთვის, რასაც ის გვიგზავნის“ - აღნიშნა უწმინდესმა და დასძინა, რომ მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა ქართველი ერი უფსკრულის პირას მისულა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მას განსაცდელისგან იხსნიდა.
უწმინდესის თქმით, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მრავალი განსაცდელია, მაგრამ ქართველებს ამ განსაცდელის არ უნდა შეეშინდეთ, რადგან ღვთისმშობელი საქართველოს თავის კალთას გადააფარებს და მის განადგურებას არ დაუშვებს.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ღვთისმშობლის მიმართ მრავალი ლოცვაა დაწერილი, რადგან ის ჩვენი ქვეყნის მეოხია.

















