საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9” თავის ჟურნალისტებზე ძალადობისა და დევნის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოებისადმი არაერთგზის მიმართვისა, ისინი დღემდე რეაგირების გარეშეა.
„ინფო 9“-ს ჟურნალისტების დევნის რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოყავს, მათ შორის, ჟურნალისტ ეკა დუგლაძის დევნის ფაქტი. სააგენტო აცხადებს, რომ დუგლაძეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ე.წ. ,,მედია ჯგუფი’’ დაყვება, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
საუბარია, ასევე, ჟურნალისტ რევაზ ნადირაძისა და ოპერატორ ლექსო ალექსიძის სასტიკი ცემის ფაქტებზე. „ინფო 9“ აღნიშნავს, რომ ოპერატორი დაახლოებით, რვა პირმა სასტიკად სცემა და ვიდეოკამერა წაართვა.
„მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი რეაგირების გარეშეა დატოვებული და უფრო მეტიც, როგორც გამომძიებელმა შერმადინ კაპანაძემ განაცხადა, ის არ თვლის, რომ ჟურნალისტების ცემა და მათთვის კამერის წართმევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონში სიუჟეტის მომზადების დროს სასტიკად გაუსწორდნენ „ინფო 9“ ჟურნალისტ როსტომ ჯუღელს, ამავე რაიონის სამხედრო გაწვევის სამსახურის და სამაშველო სამსახურის უფროსები ვალერი თელია და ავთანდილ დარდაგანიძე თანმხლებ პირებთან ერთად.
„გორის რაიონში, ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პირველად, სოფელ დირბის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა და სხვა პირებმა, ძალადობით ჩაშალეს გადაღების პროცესი, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიაყენეს ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს და დაუზიანეს ვიდეოკამერა, მეორედ კი, „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრის გასაშუქებლად მისულს უცნობმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო“ - აცხადებს სააგენტო და განცხადებაში საკუთარ ჟურნალისტებზე ძალადობის კიდევ რამდენიმე ფაქტზე საუბრობს.
სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მან ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ მათგანზე ზომები არ მიუღიათ.
„მათი უმოქმედობა დაუსჯელობის განცდას ბადებს თავისუფალი ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედ მოძალადე პირებში, რაც მათ ახალი დანაშაულის ჩადენის სტიმულს აძლევს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევში, მოძალადეები სახელმწიფო მოხელეები არიან“ - ნათქვამია „ინფო 9“-ის განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას „ინფო 9”-ის მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას სთხოვს.

















