„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს და კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ტელემაყურებელთა კავშირის“ დამფუძნებელმა გიორგი კევლიშვილმა განაცხადა, კავშირი ითხოვს, მედისაშუალებებმა ორი კვირის განმავლობაში დაასახელონ მფლობელთა ვინაობა, ასევე, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოაქვეყნონ ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით მიღებული შემოსავლისა და ხარჯების შესახებ. ამასთანავე, პერიოდულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე.
„ტელემაყურებელთა კავშირის“ დამფუძნებლის განმარტებით, ყველა მედიასაშუალების მხრიდან ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს რეალური გამჭვირვალობის დამკვიდრებას და ტელემაყურებელს საშუალებას მისცემს გაერკვეს, რომელი ტელეარხი რა ფინანსური წყაროებით არსებობს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, „ტელემაყურებელთა კავშირი“ რეკომენდაციას აძლევს ყველა მედისაშუალებას, შეიმუშაონ საკუთარი, ან შეუერთდნენ უკვე არსებულ ეთიკის კოდექსს, შემოიღონ შიდა ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც თვითკრიტიკისა და თვითცენზურის საშუალება.
ამასთან, კავშირის დამფუძნებლის თქმით, მედიის მუშაობას სასიკეთოდ წაადგება, თუკი ტელე-რადიო მაუწყებლობის, პრესის, ელექტრონული მედიის ხელმძღვანელობა დააწესებს მმართველი საბჭოს ღია კრებებს, სადაც მოქალაქეებს დასწრებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცემა.
„ტელემაყურებელთა კავშირის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ყველა მედიასაშუალება საზოგადოების ინტერესების შესაბამისად უნდა მუშაობდეს და სწორედ საზოგადოების წინაშე იყოს პასუხისმგებელი.
პრესკონფერენციას „პენ კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, „ტელემაყურებელთა კავშირი“ მზადაა, ყველა ტელეკომპანიის მფლობელთან დიალოგი დაიწყოს, რათა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდეს მათი დამფინანსებლების და მფლობელების რეალური ვინაობა.

















