გარემოსდაცვითი განათლების კვირეული, რომელიც წინ უსწრებს სამთავრობოთაშორისო კონფერენციას - „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: თბილისი +35”, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
კვირეული გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა და სტუმრებს სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.
მინისტრის თქმით, კვირეულის მიზანი გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება და ცნობიერების ამაღლებაა.
ხაჩიძის უწყებაში იმედოვნებენ, რომ კვირეული საშუალებას მისცემს გარემოსდაცვით განათლებაზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს, საკუთარი ორგანიზაცია, საქმიანობა და მიღწევები ფართო საზოგადოებას გააცნონ.
კვირეულის დასრულების შემდეგ, 6-7 სექტემბერს გარემოსდცვითი განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი სამთავრობოთაშორისო კონფერენცია ”გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: თბილისი +35” გაიმართება, სადაც განვლილი 35 წლის შეფასება და სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი განათლების წლადაა გამოცხადებული.

















