„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით,
საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პრეზიდენტთან ჯოზეფ მიურეისთან ერთად გახსნა.
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ფორუმი პირველად ჩატარდა და მისი მიზანი მსოფლიო ყრუების და სმენადაქვეითებული საზოგადოების უფლებების დაცვა და ადვოკატირებაა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში კვალიფიციური ჟესტური ენის სპეციალისტები გაჩნდეს და საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყრუ მოსწავლეების მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს.
„განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო წლებია მუშაობს ქართული ჟესტური ენის განვითარებაზე, მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
სმენადაქვეითებული მოსწავლეების ინტეგრაციისთვის ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს, სადაც ხდება სმენადაქვეითებული მოსწავლეების სხვა მოსწავლეებთან ინტეგრაცია. გარდა ამისა, შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია, რაც კიდევ უფრო აადვილებს მათთან კომუნიკაციას'' - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ფორუმში მსოფლიო ყრუთა ასოციაციების ხელმძღვანელები და გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ტაილანდს, მალაზიას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდა.
ფორუმს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

















