მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს
რეზიდენტი მოგზაურების 1.0 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა.
2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 33.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.
2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 857.7 ლარს გაუტოლდა.

















