23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე
დღესასწაულს ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს).
წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა.
დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული. ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.
„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს“-სტულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.

















