თბილისში, სასტუმრო Fabrika–ში დღეს გაიხსნება კონფერენცია Disinformation Alert, რომლის
ორგანიზატორია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური (ბრიუსელში) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ხოლო პარტნიორები არიან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის “ProDemos”.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
ორდღიან კონფერენციას (21-22 ნოემბერი) საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ 2018 წელს მიღებულ ,,სამოქმედო გეგმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის საქმიანობა და კამპანია ,,ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ EUvsDisinfo. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან დეზინფორმაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაზე მომუშავე ადამიანები ევროკავშირის სამეზობლოდან, არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპელი და ქართველი სპეციალისტები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და ა.შ.
კონფერენცია პირველად იმართება და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოა მისი მასპინძელი ევროკავშირის სამეზობლოში. კონფერენციის მიზანია დეზინფორმაციის საფრთხის უკეთ გააზრება და მასზე კოორდინირებულად რეაგირება. კონფერენციის მსვლელობისას საუბარი იქნება ძირითად თემებზე, რომლებსაც ეყრდნობა ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, კერძოდ: დეზინფორმაციის უკეთ გამომჟღავნების უნარის გაზრდა, დეზინფორმაციაზე ერთობლივი რეაგირება, საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაზრდა და ა.შ.

















