სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის ერთ-ერთ თვისებაზე - შემგროვებლობაზე ისაუბრა.
უწმინდესის თქმით, ამ საოცარი თვისების წყალობით, ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით რაღაცას აგროვებს.
მან თავისი ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ საფოსტო მარკებს აგროვებდა.
„უფალი ამბობს - სადაც არის საუნჯე შენი იქ იქნება გული შენი. ადამიანი ზედმეტად ფიქრობს იმ საუნჯეზე, რომელიც მან დააგროვა“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ მან თავის ეპისტოლეშიც ისაუბრა.
პატრიარქის თქმით, ამერიკაში ცხოვრობდა მდიდარი ქალბატონი, რომელმაც სიკვდილის წინ თავისი უძვირფასესი კაბა მოატანინა, რომელიც მრავალი ათასი დოლარი ღირდა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქალბატონმა მოავლო ხელი ამ კაბას და მას ის ვეღარ წაართვეს.
უწმინდესის თქმით, როდესაც გარდაცვლილს კაბა ვეღარ წაართვეს, მაკრატლით შემოაჭრეს ქსოვილი, ხოლო კაბის ნაწილი კი იმ ქალბატონმა სამარეში ჩიაყოლა.
„ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. ჩვენ ვაგროვებთ, ვაგროვბეთ და ვის ვუგროვებთ, თვითონაც არ ვიცით. ვუგროვებთ თიქთოსდა შვილებს, თუმცა, შვილები მადლიერი არასოდეს დარჩებიან, როგორც მიიღეს, ისე ქარი წაიღებს მას და არ დააფასებენ შრომას“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, თანამედროვე ადამიანებმა არ იციან სად არის ზღვარი - რა უნდა აკეთონ, რა უნდა შეაგროვონ და რისთვის.
უწმინდესის თქმით, ქონებას, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებენ, მათ მხოლოდ სამარის კარამდე მიყვებათ, შემდეგ კი - რჩება.
მისივე თქმით, იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც დარჩენილ ქონებაზე დავას ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა.
„ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით, რას წავიღებთ და სად მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვეხსნას გონება და ყოველმა ჩვენგანმა დაინახოს, რა არის ის საუნჯე, რომელსაც ვაგროვებთ. ეს არის საუნჯე, რომელიც მიგვაცილებს სამარის კარამდე, თუ ის რომელიც გამოგვკვებავს საიქიოს“ - ბრძანა უწმინდესმა და მრევლს უსურვა, რომ ისეთი საუნჯე შეაგროვონ, რომელიც საიქიოს გაჰყვებათ.

















