მეტადონის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში თბილისის მერია ჩაერთო. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დღეს მერიის,
საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მერია მკურნალობის 30%-ს იმ სოციალურად დაუცველებს დაუფინანსებს, რომლებიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობენ.
მეორე ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობას ისინი შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტს სპეციალური განაცხადით მიმართავენ. მერია პროგრამაში მათ მონაწილეობას რიგითობის მიხედვით დააფინანსებს.
მეტადონის პროგრამაზე მყოფი პირების მკურნალობის ხარჯების 70%-ს სახელმწიფო ანაზღაურებს, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი - პროგრამის მონაწილე თავად იხდიდა. პროექტის ფარგლებში მკურნალობის გადასახადის 30%-ს, რომელსაც მოქალაქე თავად ფარავდა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით დააფინანსებს.

















