ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს
დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში, მადლობის სიგელები გადაეცათ.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მადლობის სიგელები ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმს, ქუთაისის მუნიციპალიტეტს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცათ.
სიგელები მიიღეს თბილისის მერიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო კომპიუტერების ქსელების ასოციაციამ (GRENA), კავშირმა „მეცნიერება და ენერგეტიკა“, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრმა, იმერეთის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“, ფონდმა „კავკასიის ეკოლოგია“ და სხვა.
შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა (EU Black Sea Cross Border Cooperation Programme) ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს.
პროგრამა 8 მონაწილე ქვეყანას აერთიანებს და მისი ბიუჯეტი 2007-2013 წლებში 35 მლნ. ევროა.
საქართველო შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებაში 2009 წლიდან ჩაერთო.

















