წინასაარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან „არჩევანის თავისუფლებისთვის“ აცნობეს, დისკუსიაში მონაწილეობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობენ კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში განიხილება კამპანიის - „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი 17-პუნქტიანი ალტერნატიული კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ.
ადგილობრივ არასამთარობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი, დისკუსიის ფარგლებში წარადგენს კვლევას მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. კვლევა ეფუძნება მოქალაქეებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაინსტიტუტებისგან მიღებულ ინფორმაციას.
დისკუსიაზე, ასევე, განიხილება სამოქალაქო ჩართულობის, მონაწილეობისა და სამოქალაქო მონიტორინგის საკითხები - თუ რა ნაბიჯებითა და მექანიზმებით არის შესაძლებელი თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

















