საქართველოს დამოუკიდებელ პროფკავშირებს დღეს 21 წელი შეუსრულდა. საქართველოს თავისუფალმა პროფკავშირებმა „სოლიდარობა ორმა“ დღევანდელი
დღე ყველა პროფესიის ადამიანს მიულოცა.
როგორც „სოლიდარობა ორის“ თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ემზარ ბეჟაშვილმა განაცხადა, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებელი პროფკავშირების დაფუძნება მნიშვნელოვანი იყო.
კერძოდ, 1991 წლის 24 აგვისტოს პროფკავშირების რიგგარეშე საგანგებო ყრილობა გაიმართა, რომელმაც მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციის შემდგომი არსებობა და მისი ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება მიიღო. ამავე დღეს, იგივე დელეგატების მონაწილეობით, გაიმართა საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც წესდება მიიღო და ხელმძღვანელობა აირჩია.
ბეჟაშვილის თქმით, ბოლშევიკების მიერ 1921 წლიდან თავსმოხვეული ძალის, ტერორისა და მასობრივი რეპრესიების საშუალებით დანერგილი ე.წ. პროფკავშირების დაშლა და საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

















