ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული
ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე, სადაც საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის, EQAR-ის პრეზიდენტმა კარლ დიტრიხმა საქართველოს EQAR-ში გაწევრიანებას ქვეყნის უმაღლესი განათლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.
„ქართული უმაღლესი განათლებისთვის ეს არაჩვეულებრივი დღეა, რადგან ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია ENQA-სა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, EQAR-ში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩვენი საზოგადოების, ანუ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. ეს ნიშნავს ახალი ურთიერთობების დამყარებას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და სფეროს ევროპული სტანდარტით განვითარებას. ჩვენი ორგანიზაციის წევრობა დიდ შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებსაც“ - განაცხადა კარლ დიტრიხმა.
ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. პროცედურის მიხედვით, ცენტრი ასოციაციის წევრად ოფიციალურად სწორედ აღნიშნულ ასამბლეაზე გამოაცხადეს.

















