საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამტრედიაში იმყოფება, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე წარუდგინა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის სამტრედიაში მხოლოდ არჩევნების დროს არ დადის და არ არსებობს სამტრედიაში სოფელი სადაც ნამყოფი არ არის.
„სამტრედიელები ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ. შემოგვხედოს ნებისმიერმა და დაინახავენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ, ძლიერები ვართ და განსაკუთრებულები ვართ. ვიცი, რომ სამტრედიაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრს უჭირს. ჩვენი დაპირება, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დაზღვეული, რა თქმა უნდა, შესრულდება“ – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან ჯიხაიშის ტექნიკუმი პროფესიული გადამზადების კოლეჯად გადაკეთდება და სამტრედიას საქართველოში ყველაზე საუკეთესო კოლეჯი ექნება.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრ სოფელში ჯერ კიდევ არ მისულა ბუნებრივი აირი. არცერთ დაპირებაში არავინ მომიტყუებია. თითოეულ თქვენგანს გაძლევთ სიტყვას, რომ ყველა სამტრედიელის ოჯახში ბუნებრივი გაზი აინთება და უკლებლივ ყველას ექნება პრაქტიკულად უფასოდ შეყვანილი გაზი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, არის სოფლები, სადაც გზები ჯერ კიდევ არაა გაკეთებული, თუმცა, ყველა სოფელში იქნება გზები, შევა გაზი და ყველა სოფელი განათდება.

















