პუშკინის ქუჩაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს.
ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ პუშკინის
ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს გააკეთა.
მისი თქმით, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ერთი მიმართულებით - ბარათაშვილიდან თავისუფლების მოედნისკენ იქნება შესაძლებელი.
„პუშკინის ქუჩა ერთი მხრივ, ქალაქის მთავარი არტერიაა, მაგრამ მეორე მხრივ, თბილისის გალავნის ახლადაღმოჩენილ ნაწილს ისევ ბეტონს ვერ დავადებთ. ამიტომ, ასეთი იდეა გვაქვს, რომ ავტოტრანსპორტს გარკვეული მარშრუტი შევთავაზოთ, ხოლო თბილისელებისთვის აღნიშნული ნაწილი საფეხმავლო ზონად დავტოვოთ“ - განაცხადა მერმა.
უგულავას თქმით, თუ ეს ინიციატივა 15 ათას მხარდამჭერს მოიპოვებს მისი განხორციელება დაიწყება, რაც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თბილისის გალავნის ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს.
„მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ყველას მოვუწოდებ, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირონ. 15 ათასი ხმის მოპოვების შემთხვევაში, ის გადაწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თბილისელი ქალაქიდან გასულია, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოქალაქეები თავის მოსაზრებას დააფიქსირებენ“- აღნიშნა უგულავამ.
თბილისის მერის ინიციატივაზე ხმის მიცემა ვებ-გვერდზე - www.chemitbilisi.com-ზეა შესაძლებელი, რისთვისაც მოქალაქეებს 5 დღის ვადა აქვთ.
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, დედაქალაქის ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. არქეოლოგების განცხადებით, თბილისის გალავანი XII-XVII საუკუნით თარიღდება. გალავანი ქალაქისთვის თავდაცვითი ზღუდე იყო.
როგორც „ნიუსპრესს“ არქიტექტორმა გიორგი გიორგაძემ განუცხადა, გალავნის გასუფთავების შემდეგ, ტურისტული მარშრუტისთვის გასასვლელები გაკეთდება. მარშრუტი მიწის ქვეშაც გაივლის. ახლადაღმოჩენილი გალავანი თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გრძელდება.

















