საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უპირველესი ამოცანაა, განათლების, სპორტის ან სხვა
მიმართულებით არსებული პრობლემები კომპლექსური რეფორმის საფუძველზე გადაიჭრას.მისივე თქმით, ამ რეფორმას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, გრძელვადიან შედეგებსა და საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"ჩემი ამოცანაა, რეალურად გადავჭრათ განათლებაში, ან თუნდაც მასობრივ სპორტში, ან სხვა მიმართულებით არსებული პრობლემები და ეს კომპლექსური რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. ბევრმა დეპუტატმა და მეც, მივიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ განათლება პრიორიტეტად ქცეულიყო არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ რეალურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით.
ჩვენ გვინდა, რომ ამ რეფორმას ჰქონდეს მყარი საფუძველი და იყოს ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე და საქმეზე. გვაქვს გეგმა და ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის გაუმჯობესება წლების განმავლობაში. მომავალი რეფორმები არცერთ მინისტრზე დამოკიდებული არ იქნება, რადგან ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა მინისტრი ვალდებული იქნება დაიცვას რეფორმის ძირითადი პირობები და პრინციპები"-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

















