ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მამია ზაქრაძე ესტუმრება და თსუ-ს ქართული
ემიგრაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამია ზაქრაძე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 5 წელი ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო 1950 წლის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ქართულ სათვისტომოსთან აქტიურად თანამშრომლობდა.
ამერიკული ემიგრაციის წარმომადგენელმა სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში „ალავერდი“ მიიწვია. კავკასიურ საზოგადოებაში ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები იყვნენ გაწევრიანებულნი.
„კავკასიური სახლის“ პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ „ალავერდის“ მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა.
მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა.

















