წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად, დღეს თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ახლადარჩეული
პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით ესტუმრება.
დელეგაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება.
დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო და უწყებათაშორისი კომისიების წევრებთან.
ეუთოს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებსაც შეხვდებიან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.
ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა დაფიქსირებული.

















