სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, თბილისს აღდგენითი
მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე ტიმ ჩეპმანი ეწვია. მართლმსაჯულების სფეროს ცნობილი ევროპელი ექსპერტი სასკოლო მედიაციის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა.
შეხვედრაში EU4Justice („ევროკავშირი სამართლისათვის“) პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, მედიაციის ჯგუფის წევრები, მანდატურები და განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სასკოლო მედიაციის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მოდელები განიხილეს და საქართველოს საჯარო სკოლებში მედიაციის განვითარების შესახებ კონცეპტუალურ ხედვებზე იმსჯელეს.
უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის კონცეფციასა და სტანდარტულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მათ შორის მედიაციის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

















