„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ დამფუძნებლის, „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჭანტურიას დაბადების დღეს, პარტიის
წევრები და ჭანტურიას მეგობრები მის საფლავთან შეიკრიბნენ, რომელიც ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მდებარეობს.
საფლავზე ჭანტურიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
გიორგი ჭანტურიას დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1994 წელს, 35 წლის ასაკში ტერაქტის შედეგად, საკუთარ სახლთან მოკლეს.
როგორც ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც გიორგი ჭანტურია შეეწირა, დღესაც გრძელდება და თავად ჭანტურია ამ ბრძოლას ძალიან აკლია.
„გია ჭანტურიას თავგანწირვა ჩვენთვის სამშობლოს სიყვარულის მაგალითია. მისი საქმის გამგრძელებლები დღეს ახალგაზრდები არიან და ეს სულისკვეთება საქართველოში შენარჩუნდება“ - აღნიშნა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ.
1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარ სადარბაზოსთან გიორგი ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა.

















