სამების ტაძარში ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.
ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი
და უნეტარესი ილია მეორე ასრულებს.
ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ახლად შემოსულ ხილს აკურთხებენ.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.
უფალი იესო ქრისტე თავის სამ მოწაფესთან - პეტრეს, იაკობსა და იოანესთან ერთად სალოცავად თაბორის მთაზე ავიდა. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“.
როგორც მათეს სახარება მოგვითხრობს, ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა.
მაცხოვრის ფერისცვალების მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“.
ამ სიტყვების შემდეგ მათ ნათელი ღრუბელი დაადგა, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა -„ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“.
შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ. მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“. როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა მოწაფეები გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. უფლის ფერისცვალების დღეს, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი, ღრუბელი გამოჩნდება, რომელიც თაბორის მთას მთელი დღესასწაულის განმავლობაში ადგას.

















