დევნილი პედაგოგი ლია გოგოხია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მადლობას უხდის რამდენიმე დღის წინ მიღებული იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად, ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ ბავშვები, რომელთა სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, თავს არ შეირცხვენენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და არ ესმის იმ ადამიანების, ვინც მოსწავლეების უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას აპროტესტებს:
„ეს „პოსტი“ იმათთვისაა, ვინც აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას აპროტესტებს. არ მჯერა მე თქვენი ყალბი პატრიოტიზმისა და მიტინგობის. მიტინგზე ყვირილსა და შეძახილს ის სჯობს, გამოხვიდეთ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დარჩენილ ბავშვებს დაეხმაროთ, ჩუმად რომ სწავლობენ ქართულ ენას... რა ქნან ბატონო, ყველას კი არ ერგო ჩემსავით აგარაკი წყნეთში... ვერ დაიტია და ვერ შეიფარა საქართველომ ამდენი დევნილი... და იძულებული გახდნენ მათი მშობლები თავიანთ სახლ-კარს დაბრუნებოდნენ. თუმცა ჩემი ქადაგება რად გინდათ, კითხვა თუ გეზარებათ, ფილმს მაინც უყურეთ (,,გაღმა ნაპირი’’) თქვენ, ჩემო საყვარელო გამპროტესტებლებო, ცალკე ათი მასწავლებელი მაინც გასწავლით სკოლაში და ცალკე კიდევ ათი რეპეტიტორი გემსახურებათ... ნათია თოდუა გაიხსენეთ, მისი პირველი გამოსვლა სცენაზე... ხომ დასცინეთ, იძულებული გახადეთ საქართველოდან წასულიყო, მაგრამ ხომ იპოვა სამართალი და დიდება... ასე რომ, ნუ დაიბოღმებით იმ ჩარიცხულ სტუდენტებზე, მავთულხლართებს რომ ვერ დააღწიეს თავი და გამოცდაზე რომ ვერ გამოცხადდნენ, ნუ ქილიკობთ იმ ,,ფრთამოტეხილ მაფშალიებზე’’, პირადად თქვენ, მათი ჩარიცხვით, არაფერი დაგაკლდებათ. განათლების სამინისტროს უღრმესი მადლობა და პატივისცემა ჩემგან ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ის ბავშვები თავს არ შეირცხვენენ“ - წერს პედაგოგი.

















