ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები უკვე ცნობილია.
35 ათასი აბიტურიენტიდან შეფასება 1000-მა მათგანმა გაასაჩივრა. განაცხადებს
სპეციალური კომისია 6 დღის განმავლობაში სწავლობდა, შედეგად კი 350 აპლიკანტს ქულა შეეცვალა.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება 3 აგვისტოს დაიწყო. აბიტურიენტებს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასების გასაჩივრების საშუალება ჰქონდათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ამასთან, საგამოცდო შედეგების აპელაცია 2 500-მდე პედაგოგმა და 80-მდე მაგისტრანტობის მსურველმა მოითხოვა. ისინი გამოცდების საბოლოო შედეგებს სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელანტებს შედეგების გაგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ.
შეტყობინების სერვისი ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 93 333 უნდა გაგზავნონ. მომსახურების საფასური 50 თეთრია.

















