თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის დიაგნოზით 21 წლის გოგონა მოათავსეს.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონამ ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად ფეხებზე გადაივლო და სახურავზე, მცხუნვარე მზეზე დაწვა.
ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს სხეულის 30% აქვს დამწვარი. აღენიშნება II- III ხარისხის ქიმიური დამწვრობა.
„ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საავადმყოფოდან გავწეროთ“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, გოგონას მკურნალობის სერიოზული კურსის ჩატარება სჭირდება.
ექიმის ცნობით, ეს მიმდინარე წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის დიაგნოზით მოთავსებული მე-14 პაციენტია, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა.

















