საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „კავკასია“ მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომლითაც კომპანია ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის თანამგზავრული სისტემის მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელებას შეძლებს.
საკითხის ზეპირი მოსმენა 2012 წლის 13 სექტემბერს გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ასევე, შპს „რიმას“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული - გასართობი ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
საკითხის ზეპირი მოსმენა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2012 წლის 17 სექტემბერს გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















