დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ თანამემამულის მოწმობის აღებაში დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია გაუწია.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პირველი კონსულტაცია რუსთავის იუსტიციის სახლში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ მარინა თამაზაშვილმა მიიღო. თანამემამულის მოწმობას თამაზაშვილი განაცხადის შეტანიდან 60 დღის შემდეგ აიღებს.
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონი ძალაში დღეს შევიდა.
კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ.
კანონის მიხედვით, ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, საშუალება ექნებათ წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ზოგად და უმაღლეს განათლებას კი, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებენ.

















