სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად 2012-2013 სასწავლო წელს 1 118 208 ლარია გამოყოფილი.
ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტი 2005 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება იმ კატეგორიათა ჩამონათვალი, რომლებიც დაფინანსებას იღებენ.
წელს პირველად თანხა გადაეცემათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.
ასევე, წელს პირველად სრულად დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან ან ბოლო სამი წლის განმავლობაში გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან, თუმცა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მაინც იმყოფებოდნენ.
დაფინსნებას მიიღებენ სხვადსხვა კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები; მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტები; სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება ასევე სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სხვა კატეგორიები.
დეკანოიძის თქმით, თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისება სრულად არ მოხერხდა, დარჩენილი დაფინანსება გადაეცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი.
დაფინანსების მისაღებად განცხადება სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 8 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ.

















