საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, გმირთა მოედანზე ომის ვეტერანები მივიდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ვეტერანებმა განუცხადეს, ისინი მემორიალთან ომში დაღუპული გმირების გასახსენებლად იმყოფებიან.
მათი თქმით, დღეს გმირების გახსენებისა და მათი ხსოვნისთვის პატივის მიგების დღეა.
„ხსოვნის მემორიალზე ცოტა სახელია ამოტვიფრული. მათგან ზოგი სომეხია ზოგიც კი, რუსი. ბევრი, რომ ამბობს ტერიტორიული მთლიანობისთვის ქართველები დაიღუპნენო, არასწორია. რადგან, ომის დროს ბევრი ქართველი იმალებოდა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ“ - აღნიშნეს ვეტერანებმა.
როგორც ორგანიზაცია ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის წარმოადგენელმა ვახრტანგ ჯორჯიკიამ განაცხადა, ვეტერანებს დღეს, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადრება არ ექცევათ. მისი თქმით, 2003 წლის შემდეგ, ინვალიდთა შემწეობამ თანდათან იკლო, ხოლო 2006 წელს ვეტერანებისთვის პენსიების გაცემა მასობრივად შეწყდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
სოჭი ინგირის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ეროვნული გვარდიის შენაერთებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემით დასრულდა.
ქართული მხარის დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ადამიანი კი, დევნილი გახდა.

















