"თავისუფალი დემოკრატები" ახალი სამსახურის 112-ის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნშნული თანხა ვანო მერაბიშვილის ანგარიშზე ირიცხება.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
აბაშიძის განცხადებით, აქციის მიზანი 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებული დადგენილების გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს მობილური ტელეფონებიდან 112-ის მომსახურების საფასური ჩამოეჭრებათ.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები დადგენილების გაუქმებისთვის სხვა სამართლებრივ გზებსაც მიმართავენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა - 112, 2011 წლის 24 ნოემბერს დაფუძნდა.
2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის თვეში 20 თეთრის, ხოლო იურუდიული პირებისთვის 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა, მიუხედავად იმისა, ისარგებლა თუ არა აბონენტმა მომსახურებით.

















