მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დღეიდან მარიამობის მარხვა იწყება.
ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედა ღვთისმშობელს. უდიდეს
თორმეტი დღესასწაულიდან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება, რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა.
როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები მოგვითხრობენ, საუკუნეების განმავლობაში მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა.
მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო.
სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გახდა, რაც მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციად იქცა.
უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის, ანტიოქიაშიც, ამ მარხვას ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო. ამასთან, ხშირად არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო იყო განსაზღვრული. ის ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა.
იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლებოდა, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი, ოთხი დღე გრძელდებოდა.
რაც შეეხება დღეისთვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა.
მარიამობის მარხვა ეკლესიის მიერ დაწესებული ოთხი ძირითადი მარხვიდან ხანგრძლივობით ყველაზე პატარაა. ის ყოველთვის 2 კვირა გრძელდება.
აღნიშნული მარხვა 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მთავრდება. მარხვის დროს თევზით ხსნილი მხოლოდ 19 აგვისტო - ფერისცვალების დღესასწაულია.

















