საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოსა და ბაღდათის სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებსა და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
სააკაშვილმა მოსახლეობას მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც ბაღდათსა და წყალტუბოში უახლოეს კვირებში დაიწყება.
პრეზიდენტი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებიც რეგიონში ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 100-ჯერ გაიზარდა და 25 ათასიდან 2 მლნ 500 ათასს მიაღწია.
„1000 ლარიან ვაუჩერს ყველა ოჯახს ვაძლევთ, რათა აღარავის გაუჭირდეს დენისა და ბუნებრივი გაზის, ასევე, სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც ბევრი ოჯახისთვის ჯერ კიდევ პრობლემაა. არის ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვს, თუმცა, ვაუჩერი ყველას გამოადგება. მომავალ წელს ყველა პენსიონერს ექნება 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტი“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტი და დაზღვევა ყველა პენსიონერს ექნება და ამით ის ძალიან ამაყობს.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის დასაქმება, დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით კი, 60 წლამდე მოქალაქეებისთვის.
„უპირველესად, უმუშევართა აღრიცხვას ვატარებთ. სოციალური აგენტები ყველა ოჯახში შედიან, რადგან თითოეული ადამიანი აუცილებლად უნდა დავასაქმოთ. მათ, ვისაც დავასაქმებთ, ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დაზღვევაც. თანდათან მივყვებით ყველაფერს, რათა საქართველოში ყველა სოციალურად დაცული იყოს“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
იმერეთში საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.

















