განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში
იქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში.ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით ეს პროექტი ტექნოლოგიების სფეროში ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.
მინისტრის განცხადებით, ეს იქნება საუკეთესო ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ თანამედროვე სტანდარტის ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმდნენ ისეთ საერთაშორისო და გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანია დასაქმებული მაღალანაზღაურებად სამსახურში.
„შემდეგ კვირას ჩვენთვის იწყება ახალი ეტაპი, რადგან დადგეგმილი გვაქვს პირველი პილოტირების ქართული პროექტებით წარვდგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამერიკის სილიკონ ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერით, შემოდგომაზე დავიწყოთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს სკოლებში და უნივერსიტეტებში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდება ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გლობალურ ბაზარზე გატანა, რომლის განხორციელება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია:
„მოხარული ვართ, რომ ფუძნდება ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.
ამ თვეების განმავლობაშო, ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ განათლებას, რომელმაც უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლება. ჩვენ რეალურად არ გვაქვს მოსაცდელი დრო, ამიტომ, ისეთი ნაბიჯები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქართულ განათლებას გახდის ხვალინდელ დღეს. ამიტომ, ჩვენ, სამინისტროში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავასრულეთ ერთი ეტაპი, რომელიც სწორედ ხვალინდელ განათლებაზეა ორიენტირებული და რომელიც ყველაზე მეტად ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე და მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნის მიწოდების ხარისხის გაზრდაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

















