საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია სამმა კომპანიამ გაიარა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „ჯი-დი-ეს თი–ვი“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია გაიარა, რომლის მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული - შემეცნებითი მაუწყებლობა იქნება.
„ჯი–დი–ეს თი–ვის“ გეოგრაფიული არეალი საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათია.
კომისიის ინფორმაციით, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია შპს „მეცხრე არხი ინფო“-მაც გაიარა.
მისი მაუწყებლობის სახე, ამ შემთხვევაში, საერთო მაუწყებლობა იქნება. გეოგრაფიული არეალი საქართველოს ტერიტორია და მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი, 24 საათი.
შპს „Altervision TV“-ც საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ავტორიზაციის მფლობელი გახდა. მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული - გასართობი მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული არეალი კი, საქართველოს მთელი ტერიტორიაა.
„Altervision TV“-ის მაუწყებლობის ხანგრძლივობად 24 საათი განისაზღვრა.

















