26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში
მყოფი სსიპ-ები და სპორტული ფედერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, შინდისში, ახალქალაქსა და მარნეულში) მრავალ საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გამართავენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 10:00-დან 18:00-საათამდე სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება არაერთი კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება.
კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენენ სხვადასხვა საგანმანთლებლო და კულტურულ აქტივობას, მათ შორის - არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, ქიმიურ ექსპერიმენტებს, ნაჩვენები იქნება შუა საუკუნეების საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის პროცესი, საზოგადოება იხილავს „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების გამოგონებებს, გამოიფინება სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი წიგნები.
რუსთაველის გამზირზე, თეატრალური უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იქნება არაერთი კულტურული ღონისძიება. მათ შორის - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოაწყობს სამხატვრო კაფე / სახელოსნოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კი კულტურული მემკვიდრეობის კაფე/სახელოსნოში დამთვალიერებელს გააცნობს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“, ვირტუალურ-შემეცნებით ტურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ა.შ. ასევე, მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა, თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი კი
წარმოადგენს სპექტაკლს. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ასევე მოეწყობა მხატვარ ანკა კალატოზიშვილისა და თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.
რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება 15 საინფორმაციო პილონი, რომლებიც საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველ წარმატებულ ხელოვანს გააცნობს.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება სპორტული აქტივობები - ფარიკაობა, ძალოსნობა, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი და სხვა. ამ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00-დან 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზურაბ ჟვანიას სკოლა წარმოადგენენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, გეოგრაფიულ ვიქტორინებს, სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით, ჰოლოგრამებისა და რობოტების FABLAB ATSU-ს ნაკეთობების, სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენებსა და ა.შ.
ქუთაისში, ასევე, პროფესიული კოლეჯები დამთვალიერებელს შესთავაზებენ თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამის აქტივობებს, კერძოდ, გაიმართება ბარმენთა და კულინარიული შოუ, 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრებისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენები. ასევე დაგეგმილია არაერთი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის. მათ შორის - საბავშვო გმირებისა და დრამერების შოუები, სტამბის პერფორმანსები და სხვა.
გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ შინდისში კი გაიმართება ფალავნობა - ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები. ეს იქნება ტრადიციული ტურნირი, რომელიც ყოველ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად ჩატარდება. ტურნირის მონაწილეები და ჩასული სტუმრები გვირგვინით შეამკობენ შინდისის გმირთა მემორიალს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 26 მაისს, ახალქალაქსა და მარნეულში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის - თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
გარდა ამისა, სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში ( ახალციხე, ოზურგეთი, თელავი, გორი, მესტია, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, მარნეული, ახალქალაქი) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტები გაიმართება.

















