საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან პენსიონერთა საყოველთაო დაზღვევის საკითხებზე შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ წინასწარ უნდა მიიღოს ზომები, რათა სექტემბრიდან დაზღვეულთა მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, ნაკადის გადანაწილება მოხდეს.
მერაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ცხელი ხაზი“ და პირველადი სამედიცინო დახმარების ექიმები შეუფერხებლად მუშაობდნენ, რათა სადაზღვევო პაკეტის მქონე პირებმა მომსახურება შეუფერხებლად მიიღონ.
„გთხოვთ, ყველამ ერთად მოვახდინოთ მობილიზაცია, გადავიდეთ საგანგებო რეჟიმზე, სადაც არ გეყოფათ რესურსი, შეგიძლიათ ჩართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. შეუძლებელია 15 – 20 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები 1 დღეში გადაწყდეს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას არ დავუკარგოთ სადაზღვევო სისტემის რწმენა და იმედი, რადგან დაზღვევის სისტემა ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია“- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, პირველ დღეებში „ცხელ ხაზებზე“ შეფერხებები იქნება, რაც უნდა აღმოიფხვრას და შედეგად, დაზღვეულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

















