ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, 6 ტელეკომპანია „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს“ არღვევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის აღამასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა დღეს „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 18 ივნისი - 29 ივლისის შედეგების“ პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ტელეარხებზე - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და მეცხრე არხი“ გასულ ფარულ პოლიტიკურ-სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებიან.
ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური სტატუსით გადის რეკლამა, რომელიც შინაარსობივად სოციალური საერთოდ არ არის.
„ტელეკომპანიების ეთერში ადგილი ჰქონდა ფარული რეკლამის შემთხვევებსაც. მონიტორინგმა აჩვენა, რომ აღნიშნულ საკითხში სერიოზული პრობლემები არსებობს. წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი საკითხები ტელევიზიებმა უნდა გაითვალისწინონ და კანონის მოთხოვნები დაიცვან“- განცახადა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით გადიოდა რეკლამა „თბილისი - უფასო ინტერნეტის ქალაქი“, რომელიც „რეკლამის შესახებ კანონიდან“ გამომდინარე, სოციალური რეკლამა არ არის.
„სოციალური რეკლამის სტატუსი იმ რეკლამას ენიჭებოდა, რომელიც სინამდვილეში საზოგადოებრვი კეთილდღეობის შემცველ ინფორმაციას არ მოიცავდა. გარდა ამისა, შეინიშნებოდა ფარული და პოლიტიკური რეკლამის ნიშნები“- აღნიშნა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შესახებ გასული რეკლამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დაკვეთით გადის, არაეთიკური რეკლამის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.
მისივე თქმით, აღნიშნული რეკლამა მაუწყებელთა ქცევის კოდექსსაც არღვევს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წარადგინა. ცენტრი აგვისტოს ანგარიშის პრეზენტაციას სექტემბრის დასაწყისში გამართავს.

















