ქუთაისში პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების დროს ხარაჩოებიდან 21 წლის გიორგი შავგულიძე გადმოვარდა და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
შავგულიძის განცხადებით, სიმაღლიდან მისი ვარდნა შენობაზე მინის კონსტრუქციის მონტაჟის დროს მოხდა, კერძოდ, მას თოკის დამჭერმა უმტყუნა.
ახალგაზრდა მუშას დაზიანებები თავისა და ყბა-სახის მიდამოებში აქვს. დაზარალებული შავგულიძე ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ დაშავებული მუშის ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა, საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომხდარ ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებენ.
გიორგი შავგულიძე პასუხისმგებლობისა და შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის გამო, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პარლამენტის შენობის ჩამონგრევას 7 ივნისს მუშის რევაზ ნებიერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

















