თბილისის სატრანსპორტო კომპანია დედაქალაქის მეტროპოლეტენის მუშაობის შეფერხების მიზეზად სადგურში „სადგურის მოედანი“ ერთ-ერთ მონაკვეთზე
შიდა გაყვანილობასთან დაკავშირებით შექმნილ ტექნიკურ პრობლემას ასახელებს და ხანძრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„სადგურის მოედნის“ ერთ ნაწილში შიდა გაყვანილობასთან დაკავშირებით მცირე ტექნიკური პრობლემა გაჩნდა. სადგურ „ავლაბარში“ არანაირ ხანძარს ადგილი არ ჰქონია“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.
დღეს დილით ნახევარი საათის განმავლობაში მეტრო ზონურად - „ვარკეთილიდან“ „300 არაგველამდე“ და „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მუშაობდა. „დიდუბიდან“ „300 არაგველის“ მიმართულებით კი, მოძრაობა გაჩერებული იყო. მეტროს საბურთლოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშობდა.
კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების დროს, გვირაბში არცერთი მატარებელი გაჩერებულა და არც მგზავრებს შექმნიათ რაიმე სახის დისკომფორტი.
„გვაქვს ჩვენი შიდა წყაროები და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძაბვას ექმნება პრობლემა, ვაგონი სადგურამდე გაგვყავს და მგზავრებს პრობლემა არ ექმნებათ“ - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა.
თბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა დღეს 10.30 საათზე ჩვეულ რეჟიმში აღდგა.
მიმდინარე კვირას, თბილისის მეტროს მუშაობა დღეს უკვე მესამედ შეფერხდა. 7 აგვისტოს მეტროში მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთით, ძაბვის ვარდნის გამო შეჩერდა, ხოლო 9 აგვისტოს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე „იმერეთი“ მომხდარი ავარიის შედეგად, ელექტროენერგია საქართველოს უმეტეს ნაწილს შეუწყდა და აღნიშნულის შედეგად, დაახლოებით ერთი საათი, არც თბილისის მეტრო მუშაობდა.

















